სოზარ სუბარი: ტრამპს ირჩევს ამერიკელი ხალხი ამერიკის ინტერესებისთვის – არა საქართველოსთვის, არა სომხეთისთვის და არა საუდის არაბეთისთვის

ტრამპს ირჩევს ამერიკელი ხალხი ამერიკის ინტერესებისთვის. არა საქართველოსთვის, არა სომხეთისთვის, და არა საუდის არაბეთისთვის. შესაბამისად მათი მიზანია, რომ ამერიკა იყოს უფრო ძლიერი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენთვის ტრამპის არჩევა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პოლიტიკა ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. გუშინ იყო მარკ რუბიოს მოსმენა კონგრესში, სადაც ადამიანი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა რჩება ის, რაც იყო ტრამპის დაპირება, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. მართალია ამ ომის დასრულების ჩქარი იმედი აღარ არის, როგორიც საარჩევნო დაპირების დროს იყო, მაგრამ ეს არის მთავარი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მიაღწევენ, მით უმეტეს თუნდაც გაიწელოს ეს პროცესი, საქართველოს ომში ჩართვისკენ რომ აღარ იქნება ზეწოლა და მოწოდებები, ეს არის ჩვენი გამარჯვება. ეს ნიშნავს, რომ გავიმარჯვეთ უკვე და გადატვირთვა უკვე მოხდა მთავარ საკითხში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

აღარ იქნება საქართველოზე ზეწოლა ისეთ საკითხებში, როგორიცაა „გამჭვირვალობის კანონის“ უკან გაწვევა და გაუქმება. იმიტომ, რომ USAID – ის მეშვეობით დაფინანსებული პროექტების მიმართ, NED- ის მეშვეობით დაფინანსებული პროექტების მიმართ, სოროსის ფონდის ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აქვთ ზუსტად იგივე დამოკიდებულება, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაჟღერებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აღარ იქნება ზეწოლა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გავიწვიოთ უკან იმიტომ, რომ აქ არამხოლოდ იგივე დამოკიდებულება აქვთ, არამედ გაცილებით მკაცრია მათი დამოკიდებულება.

მე გავიხსენებ, რომ როდესაც ჩვენ „ხალხის ძალა“ ჩამოვყალიბდით და შევიქმენით ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თქვენს ეთერში ვახსენე, რომ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა იყო მთავარი ამოცანა. იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ერთი სახელმწიფოსთვის გამოგვერთმია და მეორისთვის ჩაგვებარებინა. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით და პატივისცემით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები