მერაბ ტურავა: გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური – ჩვენ არ გვჭირდება არავისი ზეწოლა და ზემოქმედება
ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ სამართლებრივი, სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციის შესაბამისი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, მოსამართლეებს არ სჭირდებათ არავის ზეწოლა და ზემოქმედება, რადგან იციან, რა არის კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური.
„რამდენიმე საათია, უკვე გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 60 გვერდისგან შედგება. ეს გადაწყვეტილება არის სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებული. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს.
ჩვენ არ გვჭირდება არავისი ზეწოლა და ზემოქმედება, ვიცით, რა არის კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური, კონსტიტუციური-არაკონსტიტუციურის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური.
ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ სამართლებრივი, სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციის შესაბამისი“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.