ევა გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას
საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
„თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, სამართლის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას და თავის ნებაზე მიუშვებს იმას, რომ თანამდებობის პირებმა, მათთვის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იმოქმედონ, თვითნებურად იმოქმედონ, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში“, – აღნიშნა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.