თეა წულუკიანი: პატიმრებს, ვინც არ იკადრა კომისიის სხდომაზე მოსვლა, არაერთხელ ვთხოვეთ, რომ მობრძანებულიყვნენ – დღეს რა ფორმაშიც არის ოპოზიცია და მისი წარმომადგენლები, ძნელია მიხვდე რა დგას მათი გადაწყვეტილებების უკან
პატიმრებს, ვინც არ იკადრა კომისიის სხდომაზე მოსვლა, არაერთხელ ვთხოვეთ და მივმართეთ, რომ მობრძანებულიყვნენ, კომფორტულად, ცივილურ პირობებში მოეცათ ახსნა-განმარტება, მათ ეს არ შეისმინეს და ეს არის ის შედეგი, რასაც ითვალისწინებს კანონი, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დღეს, რა ფორმაშიც არის ოპოზიცია და მისი წარმომადგენლები, ძალიან ძნელია მიხვდე, რა დგას მათი გადაწყვეტილებების უკან. არის ეს გაუაზრებლობა, უცოდინარობა, არასერიოზულობა თუ გააზრებული და გაანალიზებული ქმედებების შედეგი. ამიტომ არ ვიცი რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი და არ გამოცხადდნენ კომისიაზე, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი მხრიდან ვიყავით ღია, გულწრფელი და აქედან გამომდინარეობდა ჩემი განცხადებებიც, როდესაც მე, მინიმუმ ორჯერ, დასაწყისშივე ვთქვი, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ, ვგულისხმობდი იმას, რომ ჩვენ არმოსვლის ან თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში საქმეს გადავაგზავნიდით სამართალდამცავ ორგანოებში და ასეც მოვიქეცით. დასანანია, რომ მათ ეს არ შეისმინეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.