თეა წულუკიანი: შეიძლება „კმარას“ დღეს ერქვას „კანვასი“, მაგრამ მცდელობები ერთი და იგივეა – ალბათ, გარე ძალებმა ახალი სცენარები უნდა გამოიგონონ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ფერადი რევოლუცია, მათდა სამწუხაროდ, ვეღარ ხდება

როდესაც აანალიზებ, ხვდები, რომ სახელი და გვარები, შესაძლოა, ოდნავ იცვლებოდეს; შეიძლება „კმარას“ დღეს ერქვას „კანვასი“, მაგრამ მცდელობები არის ერთი და იგივე. დღეს იმასაც ვფიქრობდი, რომ ალბათ, შესაბამისმა გარე ძალებმა ახალი სცენარები უნდა გამოიგონონ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში, მათდა სამწუხაროდ, ვეღარ ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა და ისაუბრა, რამდენად უპასუხა კომისიამ იმ ამოცანებს, რაც ჰქონდა დასახული.

წულუკიანის თქმით, კომისიის უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტოს იწურება. კომისიამ 6 თვე იმუშავა და საქმიანობის ვადის კვლავ გაგრძელებას კანონი არ ითვალისწინებს. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახლა კომისია დასკვნის თავების შედგენაზე მუშაობს და იმ თემების გაანალიზებას ახდენს, რომელიც პარლამენტმა მათ დაავალა.

„ეს არის მკვლელობები და ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ბიზნესის რეკეტი; მედიის უფლებების დარღვევა და მედიის მესაკუთრეთა უფლებების დარღვევა. ასევე, წამება და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს საპატიმროებში და არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციაში. ეს ხაზგასმით იქნება ნაჩვენები, რადგან მუშაობისას ჩვენ არაერთ მასალას ვააანალიზებდით, როდესაც კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, მაშინ პრეზიდენტი, ამბობდა, რომ თითქოს, სასჯელაღსრულებაში გვიან გაიგო რაც ხდებოდა, მაგრამ პოლიცია იყო სამაგალითო და ეს ნამდვილად ასე არ იყო და ჩვენ დასკვნაში ვაჩვენებთ იმას, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაკავებიდან იზოლატორში მიყვანამდეც ხდებოდა ადამიანების გაუპატიურების მცდელობა, ცემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმ ფონზე, თითქოს შუშების წყალობით გამჭვირვალე იყო პოლიციის შენობები.

ასევე, ჩვენი კვლევის საგანია, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომი, რუსეთთან ომი, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, მისი შედეგები. მისი პრეისტორიაც ვიკვლიეთ ჩვენ 2004 წლიდან, როდესაც ჯერ კიდევ კოდორის ხეობაში დაუშვა ძალიან დიდი და უპატიებელი შეცდომები „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ ჭრილში, ჩვენ ასევე ვიკვლიეთ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების საკითხი.

და ბოლოს, ის თემები, რაც დღესაც აქტუალურია, რევოლუციის მცდელობები, ომის პროპაგანდა და ნებისმიერი საბაბით მცდელობა იმისა, როგორც თავად ეძახიან – განარისხონ ამომრჩეველი მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დაამხონ.

ბოლოს, ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ ლოგიკა ამას მოითხოვდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი დასკვნისა მიეძღვნება ვარდების რევოლუციის წინაპერიოდს და ვარდების რევოლუციის დღეებს და რაც არ უნდა გვეგონოს, რომ ყველას ყველაფერი გვახსოვს, როდესაც ამას აანალიზებ წერილობით, ხვდები, რომ სახელი და გვარები, შესაძლოა, ოდნავ იცვლებოდეს; შეიძლება „კმარას“ დღეს ერქვას „კანვასი“, მაგრამ მცდელობები არის ერთი და იგივე. დღეს იმასაც ვფიქრობდი, რომ ალბათ, შესაბამისმა გარე ძალებმა ახალი სცენარები უნდა გამოიგონონ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში მათდა სამწუხაროდ, ვეღარ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები