თეა წულუკიანი: 800-მდე განცხადებიდან, რომლითაც კომისიას მოქალაქეებმა მომართეს 300-მდე განცხადებაა, რომელიც ეხება ბიზნესის რეკეტს და ქონებრივ უფლებებს და ეს გასაკვირი არ არის
კომისიის ასეთ დასკვნას თან ახლავს რეკომენდაციები. ჩვენ ახლა ვართ დისკუსიის პროცესში, რა ტიპის რეკომენდაციები შეიძლება დასკვნას ახლდეს თან, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მე რაც შემიძლია ხმამაღლა ვთქვა არის, რომ ის 800-მდე მოქალაქე, ვინც ჩვენ მოგვმართა, ყველა არის ძალიან ყურადსაღები. საგულისხმოა ისიც, რომ ამ 800-მდე განცხადებიდან, რომლითაც კომისიას მოქალაქეებმა მომართეს 300-მდე განცხადებაა, რომელიც ეხება ბიზნესის რეკეტს და ქონებრივ უფლებებს და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რომ თუ წამების, არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობების ნაწილში სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით პროკურატურამ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა, ბიზნესის რეკეტის და ქონებრივი უფლებების აღდგენის მხრივ ეს პროცესი ნაკლებად ინტენსიური იყო. ძალიან ბევრი ობიექტური გარემოებების გამო და ეს პირდაპირ აისახა ციფრებზეც.
მე ვფიქრობ მოგვმართა ყველაზე მეტმა მოქალაქემ სწორედ ბიზნესის რეკეტის და ქონების წართმევის თუ სხვა ფორმით მითვისების საჩივრით. მინდა მათ ვუთხრა, რომ ყველა განცხადება 5 აგვისტოს მერეც დარჩება შესწავლაში, რადგან პარლამენტს არ უმთავრდება უფლებამოსილება და ან დასკვნასთან ერთად, ან დასკვნის დამტკიცებისთანავე განაწილდება უწყებებზე და გადაიგზავნება რეაგირებისთვის.
ეს შეიძლება იყოს ახალი გამოძიების საჭიროება, საკანონმდებლო ხელშეწყობაც, მაგრამ ამაზე ჯერ უნდა ვიმსჯელოთ. არც ერთი განცხადება არ დარჩება უყურადღებოდ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.