თეა წულუკიანი: კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ, ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდა სახელმწიფოს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ
საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდა სახელმწიფოს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ეს დღემდე არსად ყოფილა. ეს იქნება მთავარი სიახლე, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასევე, ეს დასკვნა უნდა იყოს გამოყენებული სამომავლო ნაბიჯების გადასადგმელად და იმედი მაქვს, რომ ეს სამომავლო ნაბიჯებიც იქნება სიახლე და მეტად საშური, იმიტომ, რომ კომისიის სხდომებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოელის ვციტირებ: „მოვაცილოთ ესენი პოლიტიკურ პროცესს“, რადგან ესენი არიან იგივენი, ვინც იყვნენ „ვარდების რევოლუციის“ დროს, ვინც იყვნენ 9-წლიანი მმართველობის დროს, ისინი არც სახეს და არც სტრატეგიას და ტაქტიკას იცვლიან, ისინი უბრალოდ ცვლიან ამ სტრატეგიებისა და ტაქტიკის სახელწოდებებს. ეს ჯაჭვი, ერთად დანახული, მაინც სიახლე იქნება“, – აღნიშნა წულუკიანმა.