ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა დოჰაში მძევლების საკითხზე მომლაპარაკებლები გაიწვია და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.
მისი თქმით, „ჰამასის“ ბოლო პასუხი ნათლად აჩვენებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სურვილის არარსებობას.
„მიუხედავად იმისა, რომ შუამავლებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, „ჰამასი“, როგორც ჩანს, კოორდინირებული არ არის ან კეთილი ნებით არ მოქმედებს.
ახლა ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს მძევლების სახლში დასაბრუნებლად და ვეცდებით ღაზას მოსახლეობისთვის უფრო სტაბილური გარემოს შექმნას.
სამწუხაროა, რომ „ჰამასი“ ასე ეგოისტურად მოქმედებდა. ჩვენ მტკიცედ ვცდილობთ ამ კონფლიქტის დასრულებას და ღაზაში მუდმივი მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა უიტკოფმა.
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რა ალტერნატიულ ვარიანტებს შეიძლება განიხილავდეს შეერთებული შტატები და გაურკვეველია, წარმოადგენს თუ არა ეს განცხადება ტერორისტულ ჯგუფზე კომპრომისზე ზეწოლის გაზრდის მცდელობას.