გიორგი გობრონიძე: თუ კიდევ არ მივიღეთ სტატუსი, ჩვენი მარცხის გარდა, ეს იქნება ევროკავშირის დიდი ჩავარდნა სამხრეთ კავკასიაში
“ევროპას სჭირდება ეს რეგიონი და ქვეყანა, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კიდევ არ მივიღეთ სტატუსი, ჩვენი მარცხის გარდა, ეს იქნება ევროკავშირის დიდი ჩავარდნა სამხრეთ კავკასიაში”, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი გობრონიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
გობრონიძე ინტერვიუში ისრაელში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება.
“ის, რაც ხდება, ვერ ვიტყვით, რომ მთლად მოულოდნელი იყო. საქმე ის არის, როდესაც იწყება გლობალური უსაფრთხოების სისტემების რღვევა, ამას მოჰყვება შედეგები. შესაბამისად, სხვადასხვა ცხელ რეგიონში კიდევ უნდა ველოდოთ, რომ თავგაცხელებული ადამიანები არა მარტო პროვოკაციებს დაგეგმავენ, არამედ ასეთ მძიმე, აგრესიულ ნაბიჯებსაც გადადგამენ. ცალსახაა, რომ ეს თავდასხმა ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა, რომ არა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა, ის პოლიტიკა, რასაც ირანი წლებია ატარებს ახლო აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, ევროპის გარდა, ცხელი წერტილი მივიღეთ უკვე ახლო აღმოსავლეთშიც და ამას ისრაელის პრემიერმა უკვე დაარქვა ომი. დარწმუნებული ვარ, ისრაელისგან აუცილებლად ძალიან მძიმე და მასშტაბური პასუხისა და შურისძიების მომსწრენი გავხდებით. ისეთ დროში ვცხოვრობთ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ძალიან ბევრი რამ ჯერ უცნობია და რთულია იმაზე მტკიცებით ლაპარაკი, ამ ყველაფერში ვინ შეიძლება იყოს გარეული. შეიძლება რუსეთი იყო კიდეც ამ თავდასხმის მომზადებაში ჩართული, თუ რა ფორმით და როგორ, ვფიქრობ, ეს დამალული ვერ დარჩება და მალე გამოჩნდება, თუმცა დღეს ამის თქმა დანამდვილებით გამიჭირდება, რადგან ამის მტკიცებულება არ ჩანს. რაც შეეხება ირანს, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელში ეს ოპერაცია წამოიწყეს იმ ჯგუფებმა, რომელთა ხელშემწყობად და სპონსორად რეგიონში ირანი გვევლინება, გვაქვს საფუძვლიანი არგუმენტი, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იდგეს სწორედ ეს ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მოჰყვება ისრაელისგან პასუხი, რომელიც გასცდება ღაზის სექტორს და იმ არაბულ ჯგუფებს, ვინც სისხლისღვრაზე წავიდნენ. ეს, სავარაუდოდ, მოიცავს სირიის იმ ნაწილს, სადაც დამყარებულია ირანული არმიის კონტროლი. უკიდურეს შემთხვევაში პირდაპირ ირანის წინააღმდეგ განსაზღვრული ღონისძიებების გატარებასაც ვერ გამოვრიცხავთ. ის პროცესი, რაც ახლა დაიწყო, მნიშვნელოვანწილად დაუსვამს კითხვის ნიშანს ირანის დასავლეთთან მოლაპარაკებების წარმატების ალბათობას, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელი არაფრით არ დაუშვებს მოლაპარაკებების გაგრძელებას.
მომხდარი, ჩემი აზრით, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვერაფერს შეცვლის, თუმცა საერთაშორისო ეკონომიკაზე ახალი კონფლიქტი აუცილებლად აისახება ზუსტად ისევე, როგორც საზოგადოდ ახლო აღმოსავლეთის კრიზისები მოქმედებს ხოლმე, ვგულისხმობ, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას… რაც შეეხება ოპჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხს, ჩემი აზრით, რუსეთმა ეს უპირველესად იმიტომ განაცხადა, რომ აჩვენოს, თითქოს შავ ზღვაზე პოზიციას ინარჩუნებს. არადა, ასე არ არის. მან დაკარგა შავ ზღვაში დომინანტის როლი მას შემდეგ, რაც ომში მისი შავი ზღვის ფლოტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი განადგურდა. მარტო კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვა რად ღირს… კრემლს შეუძლია იძახოს, რომ ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო ბაზას აკეთებს, მაგრამ თუ აღარაფერი იქნება იქ დასაყენებელი, იძახებს და ამით დასრულდება ყველაფერი. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი არ არის მხოლოდ ოკუპირებული რეგიონები, ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, ანექსირებულია. ის, რომ მათი მიერთება არ გამოუცხადებია კრემლს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ რეგიონების ბიუჯეტი რუსეთის ფედერალური ცენტრალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს რუსეთის მოქალაქეები არ მართავენ.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ინალ არძინბა სხვა არავინაა, თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი გადაწყვეტილებები. პირადად მე არა მგონია, რომ ამით განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება საქართველოს, მაგრამ ეს არის პრობლემა თურქეთისა და დასავლეთისთვის – ნატოს წევრი ქვეყნებისთვის შავი ზღვის აუზში, თუ, რა თქმა უნდა, მართლა რამეს გააკეთებს რუსეთი ამ ბაზაში. რა ვიცი, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, დიდ დიღომში კოსმოდრომი გავაკეთეთო, მაგრამ ეს საქართველოს კოსმოსურ სახელმწიფოდ აქცევს? ბოლოს და ბოლოს, რაღაც ნაწილის დაყენება აქამდეც შეეძლო ამ პორტში რუსეთს. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად გააკეთეს იმიტომაც, რომ საქართველოში ვნებათაღელვა გამოეწვიათ, ჩვენ ხომ ცივი გონებით აზროვნება გვიჭირს. თან როგორ აკეთებენ ამას, ცალი ხელით აგერ ლავროვი აქებს ჩვენს ხელისუფლებას, მეორე ხელით კიდევ ასეთ პროვოკაციებს გვიგდებენ. ეს არის ყოვლად არასერიოზული და არასანდო ქვეყანა. მას, როგორც პარტნიორს, ჩალის ფასიც არა აქვს და ეს სომხეთის მაგალითმაც აჩვენა.
უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ ამ ქვეყანაზე დამოკიდებული. ნურავის ექნება იმის ილუზია, აი, ჩვენ კარგად მოვიქცევით და რუსები ამის სანაცვლოდ რაღაცას გადმოგვიგდებენო. არ შეიძლება რუსეთის ნდობა! სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებულ ძალიან გაუგებარ ნაბიჯებს. მე მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება პრორუსული კი არ არის, არამედ იმდენად სუსტია, მასთან მცირე დაპირისპირებაც კი აშინებს და ამიტომ იქცევა ასე, თითქოს ძალთა დაბალანსებას ცდილობს, ცდილობს ლავირებას, რაც შეიძლება გავიგოთ კიდეც, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად სწორად და პროფესიონალურად აკეთებს ამას, თანაც ეს მხოლოდ ხელისუფლების საქმე არ არის. შესაბამისად, პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყანაში კეთილი ინებონ, დასხდნენ და ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად. ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა საშინლად არაინკლუზიურია, პრაქტიკულად, არა გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია. ამიტომაც აუცილებელია მუშაობა, რისთვისაც საჭიროა ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, არ შეიძლება მოსახლეობის მცირე ნაწილიც კი მიიჩნევდეს, რომ რუსეთი მტერი არ არის.
ქვეყნის გარეთ საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ლაპარაკობდეს ერთი ხმით, როგორც ამას აკეთებენ თუნდაც ისრაელელები. ქვეყანაში შეიძლება მართლა უმწვავესად უპირისპირდებიან ერთმანეთს პოლიტიკური ძალები, მაგრამ მტრისადმი განსხვავებული დამოკიდებულება არავის აქვს. ჩვენთან რა ხდება? – პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაზე ზრუნავენ მხოლოდ და ქვეყნის ინტერესები მათთვის მეორეხარისხოვანია. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა მდგომარეობაა – შიდასახელისუფლებო, უწყებრივი დაპირისპირება გვაქვს, რომელიც გამომდინარეობს უპირველესად პიროვნული პრობლემებიდან… დიახ, პრობლემა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯიუტია, თავისი პოზიცია აქვს და არ უჯერებს მმართველ გუნდს. ამიტომაც ცდილობენ მის შეზღუდვას და არ აძლევენ უცხოეთში ვიზიტით წასვლის ნებას. სულ ეს არის ამ იმპიჩმენტის საფუძველი. არადა, ეს როგორ იკითხება ქვეყნის გარეთ, ამაზე არავინ ფიქრობს. ეს შიდაუწყებრივი, პიროვნულ დონეზე დამყარებული კინკლაობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს პირდაპირ ანადგურებს. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმაში ხედავს ყველაფერს და მთელი მისი მოქმედება, დაწყებული გადატრიალების თემით და კარვების დადგმის აკრძალვით დასრულებული, მხოლოდ მომავალი არჩევნებისთვის მზადებით აიხსნება. ამერიკელი მეცნიერი რიჩარდ ჯექსონი “დაუცველობის დილემას” უწოდებს ვითარებას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი რეჟიმის არსებობასა და სახელმწიფოს ნაციონალურ უსაფრთხოებას ერთი და იმავე სიბრტყეზე აყენებს. ეს პრობლემა საქართველოს წლებია აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ სუსტი სახელმწიფო ვართ და ხელისუფალიც სუსტი გვყავს. მათ ეშინიათ დემოკრატიული პროცესის, მათი ერთადერთი ამოცანაა დიდხანს დარჩნენ ქვეყნის სათავეში. სად გინახავთ ხელისუფლებაში მოსული ქართველი, რომელსაც წასვლა უნდოდეს?! ამას მე დავარქმევდი ქართველი პოლიტიკოსის სინდრომს, რაც გულისხმობს სავარძლებს ჩაბღაუჭებულ ხალხს. გვყავს ჩამოგდებული და მოკლული პრეზიდენტი, ასევე დაპატიმრებული თუ მშვიდობით გაშვებული… ახლა გვეყოლება იმპიჩმენტით გასტუმრებული. სიმართლე გითხრათ, ამ ოპოზიციის ხელში არაფერი გამიკვირდება. ჩემი აზრით, საერთოდ არ აინტერესებს ოპოზიციას ეს საკითხი. ზურაბიშვილი მათთვის არც პოლიტიკური მხარდამჭერია და არც ოპონენტი. ზურაბიშვილი საქართველოში პოლიტიკურ გარემოს არსებითად ვერ ცვლის. ქალბატონი სალომე არის ის პრეზიდენტი, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანადაც ბატონი კობახიძე პლაკატებზე თვითონ პოზირებდა. შესაბამისად, ეს არის პრობლემა კობახიძესა და პრეზიდენტს შორის. ჰოდა, ამ ორმა მიხედოს საქმეს. სხვა სამარცხვინო თემაა ის, თუ წინასწარ როგორ აბრალებენ ოპოზიციური ძალები ერთმანეთს, რომ მმართველ ძალას მიეყიდებიან. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო.. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის არაფერი იცვლება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენით თუ წასვლით. მიუხედავად მისი საერთაშორისო კავშირებისა, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტნიორად ვერ გამოდგება ისევ და ისევ მისი ძალიან ჯიუტი ხასიათის გამო. “ქართულ ოცნებასაც” ეგონა, რომ მის მართვას შეძლებდა, მაგრამ კარგად ვნახეთ, რა გამოუვიდათ. ჰოდა, ახლა გაბრაზებულ გულზე იმპიჩმენტს უწყობენ. ჩემი აზრით, სტატუსის მინიჭების საკითხი 50/50-ზეა. ჩვენ ეს სტატუსი უნდა მიგვეღო მაშინ, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მისცეს. უკრაინა გასაგებია, მაგრამ მოლდოვაზე უარესი არაფრით ვართ. ის, რომ საქართველო გამოყვეს ამ ორისგან, ძალიან დიდი შეცდომა იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააფორმა შეთანხმება აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდაზე, მაგრამ რომელ ქვეყანაზე უნდა გაიაროს ამ აირმა, ალბათ, ამაზე არ დაფიქრებულან. ევროპას სჭირდება ეს რეგიონი და ქვეყანა, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კიდევ არ მივიღეთ სტატუსი, ჩვენი მარცხის გარდა, ეს იქნება ევროკავშირის დიდი ჩავარდნა სამხრეთ კავკასიაში”,- განაცხადა გობრონიძემ.