მერაბ ტურავა: ჩვენ როგორ შევაფასებთ პრეზიდენტის მოქმედებას, ამას სასამართლო სხდომის პლენუმის ჩატარების შემდეგ ჩვენს დასკვნაში ვიტყვით

“ვფიქრობთ, რომ ორივე, როგორც ავტორები, ასევე პრეზიდენტიც დაინტერესებული იქნებიან სასამართლოს წინაშე წარმოადგინონ არგუმენტები და შესაბამისად, შეიძლება 3 ოქტომბერს დამთავრდეს სხდომა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 4 ოქტომბრისათვის ჩვენ ჩავნიშნოთ შემაჯამებელი დასკვნითი სიტყვები, როგორც კონსტიტუციური წარდგინების ავტორების, ასევე პრეზიდენტის მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მივიღოთ დასკვნა, რომელსაც საქართველოს პარლამენტს გავუგზავნით”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ტურავას თქმით, მათი მხრიდან თუ როგორ შეფასდება პრეზიდენტის მოქმედება ეს პლენუმის ჩატარების შემდეგ, დასკვნაში იქნება ნათქვამი.

„ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში და მანამდეც, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც განიხილება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, თუმცა როგორც მე ვნახე, ადრე შევარდნაძის დროსაც ყოფილა შემთხვევა, როდესაც მის წინააღმდეგ შემოიტანეს წარდგინება, მაგრამ შემდეგ ამ წარდგინების განხილვა არ მომხდარა, რადგან უკან იქნა წაღებული კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მხრიდან. ყველამ კარგად იცის კონსტიტუციის ტექსტი, კარგად იცით ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მაგრამ კონკრეტულად ჩვენ როგორ შევაფასებთ პრეზიდენტის მოქმედებას, ამას ჩვენ სასამართლო სხდომის პლენუმის ჩატარების შემდეგ ჩვენს დასკვნაში ვიტყვით“, – განმარტა მერაბ ტურავამ.

შეგახსენებთ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები