ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ, ისინი საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ. გარდა მიმალვის საფრთხისა, ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე ისაუბრა. ასევე პროკურატურამ მიუთითა საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც ბრალდების პოზიციით, დანაშაულს ადასტურებს.

ადვოკატებმა განმარტეს, რომ ბრალდებულებს მიმალვის განზრახვა არ ჰქონიათ და ახლობელთან მიდიოდნენ. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახედ კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულების დანაშაული არ დასტურდება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები