ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს – გამომძიებელი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
„შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით, ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა.
ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი, პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.