7 ნოემბრის საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, სასამართლოში ხელახლა დაიწყება
მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, 7 ნოემბრის საქმის განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყება. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ხელახლა მოხდება მტკიცებულებების განხილვა, ასევე მოწმეების გამოკითხვა 7 ნოემბრის საქმეზე. აღნიშნული დაცვის მხარის მოთხოვნა იყო. შუამდგომლობის საფუძველი კოლეგიაში ერთ-ერთი მოსამართლის ცვლილება გახდა.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს განახლდა, რომელსაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად “ვივა მედის” კლინიკიდან ჩაერთო და საკუთარი დრო ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
“თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას, თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები ახალი ეროვნული თანხმობის პირობებში.
უცხოეთში მყოფმა ქართველებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყოველდღიურად ჩვენს პროცესებში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.