პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად ხონში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ორ პირს. მოგვიანებით ბრალდებულს ერთ-ერთ დაზარალებულთან მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 18 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ ცნო, რომლებსაც 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები