სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მელია საქართველოს წინააღმდეგ” დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა კანონიერი იყო და ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია ნიკანორ მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნას და სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების დროს, მელიას პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკანორ მელიას 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობისთვის და ამგვარ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ნიკანორ მელია ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და მე-18 მუხლი – უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. მომჩივანის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, უკანონო იყო და ის „პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას” ემსახურებოდა. მომჩივნის მოსაზრებით, საქმე იყო ფალსიფიცირებული, ხოლო მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მომჩივანის არცერთი ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ თავდაპირველად დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწოდებებს, მათ შორის აუდიო მტკიცებულებაში ისმოდა ფრაზა „რევოლუციის დაწყების თაობაზე”. ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ნიკანორ მელია დემონსტრანტებს მოუწოდებდა პარლამენტში შესვლისკენ, რასაც პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, პარლამენტის შენობის კიბეებთან შეკრებილი რამოდენიმე ასეული დემონსტრანტის ძალისმიერი მიწოლა მოჰყვა; დემონსტრანტების მხრიდან, ასევე ადგილი ჰქონდა პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლას, მათთვის ფარების და რეზინის ხელკეტების წართმევას და პარლამენტის წინ არსებული მეტალის კონსტრუქციების დემონტაჟს.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის მიმართ ბრალის წარდგენა და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ეფუძნებოდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, მათ შორის ისეთ სანდო და ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორიცაა 20 ივნისის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო ნიკანორ მელიას არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების კონტექსტში, მომჩივანის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება იყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით ცალსახად დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის საქმე ნიკანორ მელიას მიმართ ეფუძნებოდა მხოლოდ სანდო მტკიცებულებებს და მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცედურების ფარგლებში მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.
ასევე აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მართლმსაჯულების მიკერძოებულობის თაობაზე. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული პროცედურები სრულად თანხვედრაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან და სულისკვეთებასთან, ადგილი არ ჰქონია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას და ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურები ნაკარნახევი იყო მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები