ლერი ბარნაბიშვილი: ძებნის ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება, მოხდა ჩამოშლილ მასასთან გზის მიყვანა და მაშველებს ყველა მხრიდან შეეძლებათ სტიქიის ადგილზე მისვლა
ოთხივე მხარეს მოხდება ამ ჩამოშლილ მასასთან მუშაობა და ოთხივე მხარეს შეძლებენ მაშველები სტიქიის ადგილზე მისვლას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან რეინჯერები და თავდაცვის სამინისტროს ძალები.
„სამაშველო ოპერაცია გრძელდებოდა მთელი ღამის მანძილზე, კონკრეტულ ადგილებზე. დღეს, 06:00 საათიდან მუშაობას შეუდგა მასშტაბურად ტექნიკა. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ჩაერთო თავდაცვის ძალები, 200 ადამიანი. ასევე ჩაერთნენ გარემოს დაცვის სამინისტროს რეინჯერები მაშველებთან ერთად. გაიჭრა დამატებითი გზა და გაკეთდა დროებითი ხიდი, რომელმაც საშუალება მოგვცა გადაგვეყვანა დამატებით მძიმე ტექნიკა. დღეს ნაპოვნი იქნა სამწუხაროდ ოთხი ცხედარი. მინდა გამოვთქვა და სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახს. რაც შეეხება ძებნის ოპერაციას, დღესაც გრძელდება, ამ წუთებშიც და გაგრძელდება დამატებით. მოხდა ოთხივე მხრიდან გზის მიყვანა. დღეს ალბათ დამთავრდება და ოთხივე მხარეს მოხდება ამ ჩამოშლილ მასასთან მუშაობა და ოთხივე მხარეს შეძლებენ მაშველები სტიქიის ადგილზე მისვლას. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით დაკარგულ ადამიანებს“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.