სასტუმრო „სანსეტ შოვი“ – ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას, – ამის შესახებ სასტუმრო „სანსეტ შოვი“ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიამ სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები დააზიანა.
„მოგესალმებით, პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა მათგანის ნივთებიც კი გამოიტანეს ოთახებიდან. ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიწის მასის დამუშავების დროს მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.