ონის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რა თქმა უნდა, სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდეშელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში დიდი მასაა ჩამოწოლილი, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ადგილზე იმყოფება და სამაშველო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ადგილზე იმყოფება, მათ შორის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. ასევე ადგილზე იმყოფება მაჟორიტარი დეპუტატი, მხარის რწმუნებული. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ჩართული არიან ვერტმფრენები, რომლებსაც უსაფრთხო ტერიტორიაზე გადმოჰყავთ ადამიანები უშუალოდ იმ ლოკაციიდან, სადაც მოხდა სტიქია. შემდეგ მოქალაქეების გადანაწილება ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სასტუმროში. რა თქმა უნდა, სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.
ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. სტიქიის ზონაში ვერტმფრენები უკვე ჩაფრინდნენ. ადგილზე შსს-ს დანაყოფები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე, ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.