ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

2023 წლის 11 ივლისს, 15:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნიან და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლიდია ქრისტმანი, GIZ – საქართველოს რეგიონალური დირექტორი სანდრა შენკე და GIZ – ის პროექტის CESL მთავარი ხელმძღვანელი ჰოვარდ ჰარდინგი.

ღონისძიების ძირითადი მიზანია 14 მუნიციპალიტეტის მერს მისცეს საშუალება, წარმოადგინონ CESL პროექტის ფარგლებში დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები. მაგალითისთვის ასეთი საგრანტო პროექტებია: კოლხეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბაღდადის ღვინის თანამედროვე ლაბორატორიის მოწყობა, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება შერჩეული მუნიციპალიტეტების ბენეფიციართა მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს 4 რეგიონიდან: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე წარმომადგენელი.

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

პროექტი ძირითადად მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის თითქმის 4 წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები