მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო ჯურიჩთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წლის ივნისში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნეს კავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
დადებითად შეფასდა სერბული მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე, რაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას მოემსახურება.
ევროინტეგრაციის კონტექსტში, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა სერბეთის და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.