რუსთავში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, სლოგანით – ,,ჩაისუნთქე ისტორია”, Oxygen Fest-ი ჩატარდა

,,ოქსიგენის” სლოგანი წელს – ,,ჩაისუნთქე ისტორია” იყო. ფესტივალი ტრადიციულად რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე 1-ელ ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.

Oxygen Fest-ის ფარგლებში პარკში არსებულ ტბაზე, ორი დღის განმავლობაში Fishing Fest-ი გაიმართა, სამი დღე ,,კინო დღეები 2023″-ს დაეთმო, 7,8 და 9 ივლისს კი ფესტივალმა მუსიკალურ დღეებს უმასპინძლა.

,,ჩაისუნთქე ისტორია” იყო წელს Oxygen Fest-ის მთავარი სლოგანი. ჩვენ გვინდა, რომ რუსთავის უძველესი ისტორიის შესახებ კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ,,ოქსიგენი” კი თავად მოწმობს იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საფესტივალო სივრცე დაუთმოს არა ერთ ცნობილ ჯგუფსა და შემსრულებელს. ფესტივალი წელს გამორჩეული და შარშანდელთან შედარებით, უფრო მასშტაბური იყო, დაემატა ,,კინო დღეები”, ჩატარდა Fishing Fest-ი და კულმინაცია იყო მუსიკალური დღეები. მე ვფიქრობ, რომ ,,ოქსიგენი” შედგა, ეს უკვე ტრადიციაა და ამ ტრადიციას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

Oxygen Fest-ის მუსიკალური დღეებში მონაწილეობა, სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებმა და ჯგუფებმა: REGGAEON-მა, ,,ჩვენებურებმა”, ,,შერეკილებმა”, KILEMA MADAGASCAR-მა, GAGA-FRAN-მა, ,,თამადამ”, Process-მა, Micro bax-მა, Berika-მ, Guri-მ, de sal-მა, Sumo-მ, DIASAMIDZE-მ, MURO-მ, DESPAN-მა ,,ზარებმა”, PAPANUS-მა, STRANGE BREW-მ, JADMAN-მა, GEOBIT PRODUCTION PROCESS-მა, ,,უსახელოურმა” და ზურა ყარალაშვილმა მიიღეს.

ფესტივალის დამფუძნებლის ლაშა ნოზაძის განცხადებით, ,,ოქსიგენი” წელს შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული იყო.

,,ფესტივალი თავზაობის დღეებით დაიწყო, კინოჩვენებით გაგრძელდა, იყო ელექტრონული მუსიკა, ,,გაგა – ფრანის” ვინილის პრეზენტაცია, წელს 15 წელი შეგვისრულდა და REGGAEON-ს გვქონდა საიუბილეო კონცერტი, გვყავდა სპეციალური სტუმარი მაგადასკარიდან. ფესტივალი წელს საკმაოდ მასშტაბური იყო და მინდა ვთქვა, რომ მის შინაარსზე მუშაობა გრძელდება”, – განაცხადა Oxygen Fest-ის დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ.

მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი” 2022 წელს, ქალაქ რუსთავში დაარსდა. ფესტივალის მიზანი, რუსთავში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა, პარკის პოპულარიზაცია, ასევე ისეთი საფესტივალო სივრცის მოწყობაა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი დასვენებასთან ერთად, გართობას, საინტერესო მუსიკისა და საყვარელი შემსრულებლების მოსმენას, თევზაობას, გამოფენა-გაყიდვის, სპორტული და გასართობი კუთხეების დათვალიერებას შეძლებს. Oxygen Fest-ი გასული წლის მსგავსად, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, ქალაქის მერიის ხელშეწყობითა და კერძო ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები