შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინა. ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა – არჩილ ჩიქოვანმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – მაია ომიაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მიმართეს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მისია და პატივი, რომ დავიცვათ თითოეული ტურისტის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოში იმოგზაურებს ჰქონდეს სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს. ჩვენ მოვამზადეთ საიმიჯო კლიპი, რომელიც გათვლილია როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რომლებსაც სურს ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ იმ დიდ სამუშაოს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია ამ ადამიანების დაცვის მიმართულებით აკეთებს, დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება ის მესიჯი რომელიც კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა აჭარის რეგიონში”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უწყების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს, უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. “ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საწყისია ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში უსაფრთხოება, გარემო, სადაც თითოეული ჩვენი სტუმარი, მათი ოჯახი იგრძნობს თავს დაცულად. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას, ყველა პოლიციელს, ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელს, განსაკუთრებით აჭარის ხელმძღვანელ პირებს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რითაც ჩვენ ვახერხებთ, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ როგორც ჩვენი რეგიონი, ასევე გვყავდეს კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ქვეყანაში უსაფრთხო ტურიზმის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საზაფხულო ტურისტული სეზონი გახსნილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზრუნავენ ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები