ესპანეთის პრემიერ-მინისტრი „ევროვიზიას“ ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ისრაელის მონაწილეობა „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში ორგანიზატორების მხრიდან ორმაგ სტანდარტებს ადასტურებს, რომლებმაც ადრე რუსეთის მონაწილეობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აკრძალეს.
„ისრაელმაც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა (ისევე, როგორც რუსეთმა, რომელსაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ კონკურსში მონაწილეობა აუკრძალეს), რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ორმაგი სტანდარტები კულტურაში“, – თქვა სანჩესმა.
ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის წარმომადგენელმა იუვალ რაფაელმა „ევროვიზია 2025“-ზე მეორე ადგილი დაიკავა და მაყურებლისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო. აღნიშნულმა მემარცხენე პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია.
ხმის მიცემის სისტემის აუდიტის ჩატარების მოთხოვნით, ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მ უკვე გაუგზავნა მოთხოვნა ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელმაც კონკურსს ორგანიზება გაუწია. მემარცხენე პარტია Podemos-ის წარმომადგენლების თქმით, ტელეხმების მაღალი ქულები ულტრამემარჯვენეებისა და ისრაელის მთავრობის მიერ ორგანიზებული კამპანიის შედეგი იყო.
მეორე მხრივ, ულტრამემარჯვენე პარტიამ Vox-მა გააკრიტიკა RTVE-ს ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ კონკურსის ტრანსლაციის დროს კომენტატორებმა და არხის ხელმძღვანელობამ ღაზის სექტორში 50 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გაიხსენეს. Vox-ის წარმომადგენელმა ხოსე ანტონიო ფუსტერმა მოითხოვა RTVE-ს ხელმძღვანელის, ხოსე პაბლო ლოპესის დაუყოვნებლივი გათავისუფლება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის გამო.
ესპანეთის გარდა, ბელგიის სახელმწიფო ტელევიზიამაც გამოთქვა მხარდაჭერა პალესტინის მიმართ, ისრაელის მონაწილის გამოსვლის დროს კი ტრანსლაცია შეწყვიტა.
„ევროვიზია“ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსია, რომელიც ევროპის მაუწყებლობის კავშირის ეგიდით ტარდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთი კონკურსში არ მონაწილეობს.