ტრამპი: პუტინთან საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება.

„ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მე მჯერა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით.

რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა“ დასრულდება და მეც ვეთანხმები. რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს შექმნას უზარმაზარი სამუშაო ადგილები და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობის კუთხით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრისთანავე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს ვაცნობე. ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, პროცესი დაიწყოს!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები