საფრანგეთში არეულობის დროს 20 პოლიციელია დაშავებული

საფრანგეთში არეულობის დროს, რომელიც პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის სავარაუდოდ მოკვლას მოჰყვა, 20 სამართალდამცველი დაშავდა.

ამის შესახებ ​BFMTV იტყობინება.

აღნიშნულია, რომ პოლიციელები პარიზის დასავლეთით მდებარე ო-დე-სენის დეპარტამენტში მსუბუქად დაშავდნენ.

ტელეარხის ცნობით, არეულობის დროს განადგურდა 25-მდე მანქანა, ცეცხლია წაკიდებული რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობაზე, დარბეულია პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მანქანები, ქუჩებში ნაგვის ურნების ბარიკადები გამოჩნდა.

27 ივნისს მომხდარმა ინციდენტმა საფრანგეთის რიგ ქალაქში სპონტანური არეულობები გამოიწვია.

აქციის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის ურნებს და სამშენებლო მასალებს, არბევდნენ ვიტრინებს და ავტობუსის გაჩერებებს.

საპროტესტო აქციები გაიმართა პარიზსა და ნანტერში, პარიზის გარეუბანში – ბულონ-ბილანკურსა და ონე-სუს-ბუაში; ასევე ქალაქებში – სიურენში, ანიერ-სურ-სენში, ჟენევილში, ლა გარენ-კოლომბსა და ვილნევში.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 24 ადამიანი.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, რომლის შედეგად 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ის 27 ივნისს დილით მოხდა.

მოტოპატრულმა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, შემოწმების მიზნით გააჩერა.

France Info-მ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გააანალიზა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს იარაღი მძღოლის კარის დონეზე ეჭირა. ნაელმა უეცრად ფეხი გაზს დაადგა, სავარაუდოდ, მიმალვის მიზნით, რა დროსაც პოლიციელმა მას ახლო მანძილიდან ესროლა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველი დაკავებულია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალ დარმანენმა განაცხადა, რომ გარემოებების გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები