სავარაუდოდ ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე კლინიკა “გორმედი” განცხადებას ავრცელებს.
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტის მკურნალობა ვერ დაიწყო, რადგან კლინიკაში შეყვანიდან 10 წუთში ბავშვი, მშობლების გადაწყვეტილებით, სამკურნალო დაწესებულებიდან წაიყვანეს.
“მოგესალმებით, გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით გვინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, შემოყვანილ იქნა კლინიკის პედიატრიულ მიმღებში თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე. არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი. დედის გადმოცემით ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილას დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით. პაციენტმა სულ კლინიკაში დაჰყო 10 წუთი, შესაბამისად ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში (რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).
შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრ ნანა ნინიაშვილის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.