პროკურორის განცხადებით, სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია

სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ 3 ადამიანი, მობილურ ტელეფონთან მას არავითარი შემხებლობა არ ჰქონია, – ამის შესახებ პროკურორმა, მარი მეშველიანმა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეზე 1 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

„სერგო შუბითიძემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი განაცხადა ჩვენთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის მოწოდებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით მის დაკითხვასთან დაკავშირებით და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სერგო შუბითიძეს მოუწევს პროკურატურის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

დაისმება ყველა ის კითხვა, რომელზეც მან აქცენტი გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში, მათ შორის, მობილურ ტელეფონთან და ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც გაჟღერდება და გამოიკვეთება.

საქართველოს პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეზე 1 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. თავად სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ 3 ადამიანი, მობილურ ტელეფონთან მას არავითარი შემხებლობა არ ჰქონია, მის მიერ არ განხორციელებულა მობილური ტელეფონის დათვალიერება, შესაბამისად, მას ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა საქმის მიმდინარეობაზე და გამოძიებაზე, არ განუხორციელებია. არც ძირითად გამომძიებელს არ წარმოადგენდა და არც გამოძიება არ იყო მის მიერ დაწყებული.

მობილური ტელეფონი სერგო შუბითიძეს არ დაუთვალიერებია. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონთან.

საქმეზე ჩატარდება გამოძიება და გამოძიების შედეგად რა გამოიკვეთება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, მათ შორის, თუ გამოიკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების მიმართ გატარდება სამართლებრივი შედეგები“, – განაცხადა მარი მეშველიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება 2020 წლის 17 დეკემბერს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები