ფოთში რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ილია ბელქანიას ოჯახი ამბობს, რომ მათ ბრალდების არ სჯერათ. როგორც 52 წლის ილია ბელქანიას დედა, ნელი ადამია აცხადებს, შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც მათ საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები მივიდნენ.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს.
“არაფერი ვიცი, დღე და ღამე ვტირი. ინვალიდი ბავშვია… არ ვიცი, სად არის, მკვდარია, ცოცხალია?! ავადმყოფი ბავშვია თვითონ, ერთი წაუჯიკავონ, ხერხემალი გაწყდება ისეთ მდგომარეობაშია. ჩხრეკაზე რომ მოვიდნენ ისინი ამბობდნენ, ფოთშია დაკავებულიო. რაღაც საქონელი უნახეს და იმიტომ დააკავესო. ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღიათ. ასეთ რაღაცას არ გააკეთებდა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა”, – ამბობს დაკავებულის დედა.
როგორც დაკავებულის მამა ამბობს, ოჯახს ადვოკატის ასაყვანად საშუალება არ აქვს.
“ზუგდიდიდან მოვიდნენ ჩხრეკაზე და დაკავებაზე ასე გავიგე, სახლი რომ გაჩხრიკა იმან მითხრა რომ დაკავებულია თქვენი შვილიო. რაზეა დაკავებული არ უთქვამს, დაკავებულია თქვენი შვილიო, მორჩა. ადვოკატი არ მინდა, ადვოკატს თანხა ხომ უნდა, მე მაგის საშუალება არ მაქვს, არ მჭირდება ადვოკატი, სახაზინო ადვოკატი იქნება და მორჩა”, – ამბობს დაკავებულის მამა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს ამოიღეს, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.