სხეულზე აღენიშნება 39 დაზიანება – ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის პირველად დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებს დღეს გადაეცათ.
დასკვნით ცნობილი ხდება, რომ სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნითაა მიყენებული.
დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, რაც, დედის თქმით, აჩენს ეჭვს, რომ მოზარდი დაზიანებების მიყენების შემდეგ გაგუდეს.
დასკვნაში ასევე წერია, რომ გარდაცვლილს მთელ სხეულზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა მიყენებული.
“დასკვნა დღეს მივიღეთ, 39 დაზიანება აქვს ბავშვს, რაც მეტყველებს, რომ ბავშვი არის ძალადობრივად მოკლული. ჩემთვის კითხვის ნიშნები არც თავში არ ყოფილა. მე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მოკლული იყო და ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ მოკლულია”, – ამბობს დედა, ნინო ხუტაშვილი.
გარდაცვლილ მოზარდს სულ 5 ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახი და ადვოკატები კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ და შესაძლოა, დააყენონ საკითხი ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 მარტს ნახეს. მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-მ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.