საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნატოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დღეს საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბესესკუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ არ აღიარებისათვის. ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც რუმინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით გამოხატავს.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც ასევე სათანადოდ აისახება სამიტის მთავარ დოკუმენტში. გიორგი მარგველაშვილმა და ტრაიან ბესესკუმ უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ყურადღება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს.
საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები