„ლექტორი გზას გიჩვენებს, ეს გზა კი, თავად უნდა გაიარო“ – გაიცანით ლუკა მელაძე, რომელიც 14 წლიდან IT სფეროში საქმიანობს
წარმატების ისტორია ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნო მაშინაა, როდესაც ამ ისტორიის მთავარი გმირები ახალგაზრდა ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებმაც იშრომეს, გამოიმუშავეს ნებისყოფა, არ დანებდნენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს სასურველი შედეგი. ლუკა მელაძე ახლახან გახდა 18 წლის. უკვე 4 წელია, IT სფეროში მუშაობს. პირველი ნაბიჯები „IT აკადემია სტეპში“ გადადგა – დაესწრო მათ მიერ ჩატარებულ უფასო ლექციას პროგრამირების შესახებ. სფერომ ძალიან დააინტერესა და 14 წლის ლუკამ, ფაქტობრივად, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამ გზას გაჰყვებოდა. ლექცია დღეისათვის ყველაზე პოპულარულ პროგრამირების ენას, Phyton-ს ეხებოდა. სწორედ ამ ლექციიდან დაიწყო ყველაფერი…
–(ლუკა) სახლში რომ მივედი, ინფორმაციის მოძიება და ჩემით სწავლა დავიწყე. ამ პროცესს ძალიან შევყევი. შემდეგ გადავწყვიტე, IT აკადემიაში დავბრუნებულიყავი, სადაც პროგრამირებას კარგად შევისწავლიდი. აკადემიაში პროგრამირების საფუძვლებში გავერკვიე და გარკვეული ცოდნა სხვა საკითხებშიც მივიღე.
-როგორი იყო აკადემიის გარეშე, დამოუკიდებლად სწავლის პროცესი?
-14 წლის ბავშვისთვის დამოუკიდებლად სწავლა ძალიან რთული იყო, თუმცა იმაში გამიმართლა, რომ ერთ-ორ ქართველ „იუთუბერ“ პროგრამისტს გადავაწყდი. მათი ვიდეოებით, საბაზისო ცოდნა მივიღე. დღემდე ძალიან მაწუხებს, რომ ქართულენოვანი კონტენტი პროგრამირების შესახებ ძალიან ცოტაა და უცხო ენის გარეშე რთულია, დამოუკიდებლად გაერკვე ამ საკითხში.
-თავად თუ იცოდი უცხო ენა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად განაგრძე სწავლა?
-არა, მხოლოდ მშობლიური ენა ვიცოდი და მივხვდი, რომ ინგლისური აუცილებლად უნდა მესწავლა. ამიტომაც, პროგრამირების პარალელურად, ინგლისურშიც დავიწყე მეცადინეობა. ინგლისურის და ინტერნეტის საშუალებით, დღესდღეობით პროგრამირების ენების დამოუკიდებლად შესწავლა ძალიან კარგადაა შესაძლებელი.
-როგორ გაგრძელდა სწავლის პროცესი IT აკადემიაში?
-როდესაც სასწავლებელ დაწესებულებაში დადიხარ, ალბათ, არ უნდა ელოდო იმას, რომ ყველაფერს ლექტორი გასწავლის. აუცილებელია, შესწავლის პროცესი დამოუკიდებლადაც განაგრძო. ჩემი აზრით, ლექტორი გარკვეულ ცოდნას გაძლევს და გზას გიჩვენებს, ეს გზა კი, თავად უნდა გაიარო. სახლში დაბრუნებულმა სიახლეების ძიება არ უნდა შეწყვიტო და ცოდნა გაიღრმავო.
-როგორ ფიქრობ, რა არის ის მთავარი რამ, რაც, სწავლის კუთხით, განვითარებასა და წარმატების მიღწევაში გეხმარება?
-ალბათ, ინტერესი და დისციპლინა. როდესაც ბავშვები სახლში დაბრუნებისას თამაშობდნენ, მე კომპიუტერთან ვჯდებოდი და IT სფეროს ვსწავლობდი – გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ვაღრმავებდი. პარალელურად, ვსწავლობდი ინგლისურს და დავდიოდი სკოლაში. აუცილებელია, საქმის ინტერესი გქონდეს. ბევრჯერ ძილში დამსიზმრებია, რომ პროგრამაში არსებულ გარკვეულ ხარვეზს ვასწორებდი. შემდეგ გამღვიძებია, კომპიუტერთან დავმჯდარვარ და საქმე ბოლომდე მიმიყვანია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ადამიანებთან კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა შეგეძლოს.
-ამჟამად კონკრეტულად რას საქმიანობ?
-ახლა სკოლას ვამთავრებ. ვმუშაობ IT აკადემიის პარტნიორ კომპანიაში Game დეველოპერად უკვე 2 წელია. ყველაზე პატარა ვიყავი, ვინც იქ მუშაობა დაიწყო. სხვები 24-25 წლის იყვნენ, თავიანთ საქმეში უკვე პროფესიონალები.
-რა გინდა, რომ ამ სფეროში გააკეთო?
-მე მინდა, შევქმნა ისეთი რამ, რაც ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას და გადაჭრის რაიმე პრობლემას. Game დეველოპმენტში დარჩენას არ ვაპირებ. IT აკადემიაში გავიცანი ძალიან კარგი ადამიანი – გიორგი ლომჯარია. მასთან და ჩვენს პატარა გუნდთან ერთად ვმუშაობ ერთ პროექტზე.
-რა პრინციპებით უდგები საქმეს?
-დისციპლინა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის გაკეთება, რასაც მიზნად დაისახავ და ამ მიზნისკენ ყოველდღე თითო ნაბიჯს უნდა დგამდე. ადამიანებს, ზოგადად, ეს უჭირთ – იმწამსვე უნდათ შედეგის დანახვა, თუმცა ეს ასე არ ხდება.
-რა მიმართულებით შეიძლება განავითარო შენი პროფესიული საქმიანობა?
-ძალიან მაინტერესებს ბლოკჩეინი. ჯერ არ მქონია იმის საშუალება, რომ კარგად მესწავლა, მაგრამ გარკვეული შეხება მაქვს. ბლოკჩეინის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რაც ჩემი მიზანი გახლავთ – გადაჭრას რაიმე პრობლემა.