გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს, ქრისტინ მუმას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა – ოთარ შამუგიამ და აშშ-ის საელჩოს ატაშემ, ქრისტინ მუმამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამ მხრივ, ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდით“, – განაცხადა შამუგიამ.

შეხვედრაზე აშშ-ის საელჩოს ატაშემ ვაშინგტონში დაგეგმილ კლიმატის სამიტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოთარ შამუგია სამიტზე დასასწრებად აშშ-ში მიიწვია.

„კლიმატის ცვლილება დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღოთ მონაწილეობა მაისში დაგეგმილ სამიტში“, – განაცხადა მუმამ.

შეხვედრაზე მან USDA-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისათვის ახორციელებს არაერთ პროგრამას/პროექტს და მზადაა მეტი ჩართულობისა და არსებული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და მოადგილე – ნინო თანდილაშვილი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი – ჯინ ფოსტერი და USDA-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები