ტრასების მომზადების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა,ყველაფერი ევროპული სტანდარტების იდენტურია, – ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ პირველი ფინალი გაიმართება, რომელიც 5 მარტამდე გაგრძელდება.
„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა დღევანდელი დღე. სულ რამდენიმე საათში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართება. 25-იანების არეალში მოეწყობა კონცერტი, საზოგადოების წინაშე წარდგება ანსამბლი „სუხიშვილები“, „ბასიანი“ და სხვა. მთაზე ყველანაირად მზადყოფნაა, კარგად ჩაიარა ვარჯიშებმა. ხვალ უკვე პირველი ფინალი გვექნება, რომელიც 5 მარტამდე გაგრძელდება. ჩემპიონთა სოფელი მუდმივად იქნება, ჩვენს ვიზიტორებს, ყველას შეუძლია მოვიდეს და დააგემოვნოს წარმოდგენილი პროდუქტი. ტრასების მომზადების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა,ყველაფერი ევროპული სტანდარტების იდენტურია. ჩვენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტით ვხელმძღვანელობთ, კმაყოფილები არიან, 100%-ით არის ყველაფერი შესრულებული”, – თქვა ბურჭულაძემ.