ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი უკვე 5 კმ-ზეა გაჭრილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი (TBM) დანადგარით წარმოებს, უკვე 5 კილომეტრის სიღრმეში მიმდინარეობს. 3 კილომეტრსა და 820 მეტრზეა გაჭრილი საევაკუაციო გვირაბიც.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ – ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. გვირაბებს შორის გამორჩეულია 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.

ზამთარში აღარც სატრანზიტო მოძრაობა შეიზღუდება, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთრის პერიოდში – უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.

თბილისი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათი და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება. ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები