პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს, გიორგი შარვაშიძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა. გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად. გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები