ავთანდილ ცინცაძე: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელ კორპუსში განთავსებული ლიფტები, სადარბაზოები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, რომ საცხოვრებელ კორპუსში განთავსებული ლიფტები, სადარბაზოები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას.

„მეგობრებო, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელ კორპუსში განთავსებული ლიფტები, სადარბაზოები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას.

ლიფტი წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, რომლის ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს ნორმებთან შესაბამისობას.

დადგენილი პერიოდულობით ლიფტს უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური ინსპექტირება. ასევე, ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტი უნდა დარეგისტრირდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არსებულ ობიექტთა უწყებრივ რეესტრში.

მინდა ყველას გთხოვოთ, უზრუნველყოთ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, თქვენი მომართვის შემთხვევაში, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ექსპერტიზის დასკვნა, საბურთალოს რაიონის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას ფინანსური მხარდაჭერის შესახებ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში და ჩვენი თანადგომით, ჩვენი ხელშეწყობითა და თანამონაწილეობით მოხდება ლიფტის რეაბილიტაცია და მოწესრიგება“, წერს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები