თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს.
სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომელიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.