“ჯერ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შემდეგ ძალის გამოყენებით ტენიდნენ ავტომობილში” – თბილისში მომხდარი აფეთქების გამო დაკავებულის ადვოკატი დეტალებზე საუბრობს

თბილისის, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მარტიაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ თავს იცავდა.

“ეს იყო განპირობებული მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენის მიზნით გაკეთებული. რაც შეეხება ასაფეთქებელ მოწყობილობას, ვისი იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით მე თავს შევიკავებ, იმიტომ რომ არის ძიების საგანი.

არაერთი მოწმე არის იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შემდეგ ძალის გამოყენებით ტენიდნენ ავტომობილში და წინასწარ განჭვრეტადია, თუ რა სამომავლო შედეგებზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, ვინაიდან დღისით-მზისით, როდესაც პირები ასეთ ქმედებას ჩადიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან და იყო ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ მისი სიცოცხლე მოესპოთ,” – აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

შეგახსენებთ, აფეთქება თბილისში, ორი დღის წინ მოხდა. ოთხ პირთან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ დაკავებულმა მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, დაშავდა 3 პირი – ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები