ექსკლუზიური ინტერვიუ მელნიკოვის დედასთან – რა სასჯელი ემუქრება მამა-შვილს?!

ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება დედას არ უნახავს – ამის შესახებ „კვირას“ ბრალდებულის დედამ მაგდანა ბერაძემ განუცხადა. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, შვილი ბოლოს აგვისტოს დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-9 დაწესებულებაში ნახა.
„ძალიან ნერვიულობს და განიცდის ჩემს მდგომარეობას, ყველამ თავს უშველა, ყველა კარგად არის, ყველა საზღვარგარეთ არის გაქცეული, ჩემი შვილი კი ციხეში ზის, ისეთი რამეს აბრალებენ, რაც არ ჩაუდენია. სხვების ჩადენილ დანაშაულზე ჩემი შვილი ზის. ახლა ყველა ამას აწვება… რომ ვეუბნებოდი, წადი-მეთქი, ყოველთვის ჰქონდა საშუალება, უკრაინიდან წასულიყო, მაგრამ არ მიდიოდა… მეუღლეც ისეთი მყავდა, რუსული გვარი კი ჰქონდა, მაგრამ არანორმალურად უყვარდა საქართველო. ერთადერთი შვილი მყავს, მე არ გამიზრდია ისეთი შვილი, ახლა რომ ბანდიტობას და რას არ აბრალებენ. ძალიან განიცდის ჩემს მდგომარეობას. მარტო ვარ. მეზობლები მეხმარებიან და პენსიით ვცხოვრობ. ყოველდღე სასწრაფო მოდის ჩემთან სახლში. ინვალიდი ვარ, მაგრამ დახმარებისთვის არასდროს მიმიმართავს. ძლივს დავდივარ, ყველაფერი მაწუხებს, გული, ნაღველი, კუჭ-ქვეშა ჯირკვალი, დავბერდი და ყველაფერი მაწუხებს“, – ამბობს მაგდანა ბერიძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა შერყეული აქვს, ვერც ინვალიდობის შემწეობას იღებს.
„სად უნდა წავიდე, ვინ რას მომცემს, იმდენი რამე გადავიტანე ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ პენსიით ვცხოვრობ და უკრაინიდან ჩემი რძალი მეხმარება. ხანდახან ფულს მიგზავნის. – სულ სასწრაფოები მოდის სახლში, თირკმელზე კისტა მაქვს, საოპერაციო ვარ… ამის გამო, ფეხები დამისივდა. ძლივს დავდივარ ოთახიდან ოთახში. 2007 წელს მეუღლეც გარდამეცვალა. გული აწუხებდა. ნაღვლის ბუშტი გაუსკდა და სულ გაყვითლდა… ოპერაცია გაუკეთეს და ვერ გადაიტანა. როგორც განსასჯელის დედა ამბობს, ოლეგ მელნიკოვი მეორედ უკრაინაში დაოჯახდა და მან ცოლად უკრაინის მოქალაქე შეირთო. ოლეგს პირველი ცოლი საქართველოში ჰყავდა, მასთან ერთი ვაჟი – 21 წლის ბექა ჰყავს, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია.
– რატომ დააკავეს თქვენი შვილიშვილი?
– ჩემი შვილიშვილი – 21 წლის ბექაც დაკავებულია. მანქანით იყვნენ და პატრულს გაუჩერებია, რაღაცა ჩხუბის გამო გამო დააკავეს, სამი თვის წინ.
– შვილიშვილი თუ ნახეთ საპატიმროში?
– არა, ჩვენთან არ ურთიერთობდა. რამდენი წელია ჩვენ ერთმანეთან მისვლა-მოსვლა არ გვქონია. კონტაქტი გაწყვეტილი გვქონდა რძალთან და შვილიშვილთან… ჩემი შვილი მას დიდი ხანია გაშორებული იყო, ჩემი შვილიშვილი 1 წლისაც არ იყო, რომ დაშორდნენ.
– რას აკეთებდა ბექა დაპატიმრებამდე…
– როგორც კი ბექამ სკოლა დაამთავრა, იმავე წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო, თუმცა იმ ფაკულტეტზე არა, რომელიც მას სურდა. მერე გეოლოგიურზე ჩარიცხეს და მიატოვა უნივერსიტეტი. იმის შემდეგ არ ვიცი, რას აკეთებდა. ხომ გეუბნებით, კონტაქტი არ გვქონია.
– თქვენმა შვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება თქვენ ფინანსურად გეხმარებოდათ…
– არავინ არაფერში არ გვეხმარებოდა, საერთოდ. ვინ უნდა დამხმარებოდა, მაშინდელი ოპოზიცია ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა. გაზეთებში ისეთი რაღაცები იწერებოდა. მანამდეც არავინ გვეხმარებოდა, რაში უნდა დამხმარებოდნენ. ჩემი შვილის 700 ლარი ხელფასი მომდიოდა და იმით ვცხოვრობდი. ჩემთან დასახმარებლად არავინ მოსულა.
– თქვენი შვილის დაპატიმრებას ხომ არ გაიხსენებთ…
– სულ ვეუბნებოდი, რომ მოსცილებოდა ამ უკრაინას და სულ ველოდებოდი, რომ რაღაცა მოხდებოდა… მაგრამ მეუბნებოდა, მე არაფერი ჩამიდენია და რატომ უნდა დავიმალოო… არხეინად იყო. ის რისთვისაც დააპატიმრეს, ტყუილია. ის 5 წელი რისთვისაც მიუსაჯეს, ტყუილად მიუსაჯეს. ვიღაცის ცემას აბრალებენ, არც ყოფილა იმ დღეს შენობაში, როდესაც ის ბიჭი სცემეს… ჩემი შვილი სამსახურში უნდა დანიშნულიყო 30 იანვარს და ცემის ფაქტი კი 5 იანვარს მოხდა. ჯერ სამსახურში მიღებული არც იყო. იმდენად არ ფიქრობდა, რომ დააპატიმრებდნენ, რომ უკრაინაში ყოფნისას, 2012 წლის ოქტომბერში პასპორტი დაკარგა და საელჩოში მივიდა და ახალი პასპორტის აღება მოითხოვა. მეორე დღეს დაიბარეს. როცა საელჩოში მივიდა, უთხრეს, კომპიუტერი არ მუშაობს და ორ კვირაში მოდიო. დამირეკა ტელეფონზე და ეს ყველაფერი მიამბო, ვუთხარი, რაღაცაშია საქმე-მეთქი და ვურჩიე, უკრაინა დაეტოვებინა, მივხვდი, იმიტომ არ აძლევნენ პასპორტს, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო მის თავს. ამის შედეგ 7 დეკემბერს დააკავეს.
– ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ თქვენი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება…
– ჩემს ოჯახზე რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო… ჩემზე რა ზეწოლა უნდა განახორციელონ.. ისედაც ძლივს დავხოხავ. ეზოში ვერ ჩავდივარ, გადაადგილება მიჭირს. მდგომარეობაა ცუდი… უბრალოდ ის სიტუაციია მძიმე, რომ ჩემი შვილი არაფრის გამოა დაკავებული. ეს არის მთავარი ზეწოლა. ერთადერთი შვილი მყავს… არ გამიზრდია ისეთი შვილი მე, რომ ბანდიტი ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი დაიკითხა, სადაც მან სასამართლოს წინაშე აღიარებითი ჩვენება მისცა. მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს, უკრაინაში, ქალაქ კიევში უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების მასალებით, შსს-ს წარმომადგენლები, ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, გერონტი ალანია და სოსო თოფურიძე ბრალდებულები არიან ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლების, მალხაზ აზარაშვილის, დავით კურცხალიას და ზაზა მესხის ცემაში, სსსკ-ის 333 მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პროცესს მხოლოდ მელნიკოვი ესწრებოდა. დანარჩენი ბრალდებულები ძებნილებად ითვლებიან. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელების ცემას წინ უძღვოდა რესტორან “ძველ ქალაქში” მომხდარი ინციდენტი. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, რესტორანში პოლიციელებმა ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის შემდეგ პოლიციელები ე.წ. მოდულის შენობაში აიყვანეს და სცემეს.
საქალაქო სასამართლომ ოლეგ მელნიკოვს ამ ფაქტის გამო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვის შვილს, როგორც „კვირამ“ გაარკვია, ოლეგ მენიკოვის შვილი ამჟამად დედის გვარს ატარებს. საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ბექა აბულაშვილის პროცესი სექტემბერშია ჩანიშნული. სასამართლო მას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი ა) პუნქტის (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 353 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა), 273 -ე მუხლით (პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალება ექიმის ნებართვის გარეშე), 187 -ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 276 -ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა) ასამართლებს.

იზა შაქარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები