“მოგატყუეს და გიღალატეს” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ჯარისკაცებს მიმართავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა რუს სამხედროებს მიმართა, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ, გადაარჩინონ თავიანთი ქვეყანა ტრაგედიისა და ჯარი დამცირებისგან.

შესაბამისი ვიდეომიმართვა უკრაინის სამხედრო ტელევიზიამ გაავრცელა.

“მივმართავ ჯარისკაცებს და მეზღვაურებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს და ადმირალებს, რუსეთის არმიას. არ შემშლია, დიახ, სწორედ რუსულ არმიას. პირველ ყოვლისა, ჩემი სიტყვები მიმართულია ოფიცრებსა და სარდლობასთან იმიტომ, რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს. მე არ შევეხები ფრონტზე არსებულ ვითარებას, თქვენ ეს ისედაც იცით. ​​მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. ამაზე, ალბათ, გიფიქრიათ”, – თქვა მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მოატყუა და უღალატა თავის არმიას, ხალხი სასიკვდილოდ გაგზავნა ვლადიმერ პუტინის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის.

“მოგატყუეს და გიღალატეს. მარტივ გასეირნებას გპირდებოდნენ, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს. სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის. ახლა ისინი არ გისმენენ, რადგან თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას. მოსკოვში კი არ უყვართ სიმართლე, მათთვის უფრო ადვილია იმის თქმა, თუ როგორ გმირულად დაიღუპეთ ნატო-ს გამოგონილ ლაშქართან ბრძოლაში“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.

რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად სტუმრობს სამხედროებს ფრონტზე, ხოლო პუტინი – არა. ის იმალება, რადგან რუსი ჯარისკაცების გამოფხიზლების ეშინია.

“თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ მთელ ქალაქებს, სადაც ცოტა ხნის წინ კარგ მეზობლად ითვლებოდით და რუსულად საუბრობდით. ახლა კი მტრობა დაითესა თაობებისთვის. ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდა, რომ სიკვდილზე და არა მართალი საქმისთვის გაგიშვეს. იქნებ ამიტომ იმალება თქვენი ლიდერი ბუნკერში და არ იგერიებს დარტყმას თქვენთან ერთად? მას თქვენი გამოფხიზლების ეშინია, ზიზღის და თქვენი სამართლიანი ბრაზის“, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამავე დროს, რეზნიკოვმა გაიხსენა, რომ იმ პირების ოჯახები და ფული, რომლებიც ჯარისკაცებს ომში აგზავნიან, ნატო-ს ქვეყნებშია, “მათ არ ადარდებთ ლიმანის ან პოპასნის ბედი, თუმცა, ყველა წარუმატებლობას ჯარს მიაწერენ”.

“მათ ესმით, რომ ომის ხაფანგში არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა საკუთარი არასწორი გათვლები თქვენ მოგაწეროთ. საკუთარი ქურდობა, პასუხისმგებლობა თქვენზე გადაიტანონ. ომის შემდეგ სწორედ თქვენ მოგიწევთ დასახიჩრებულების, ქვრივების და დაობლებული ბავშვების თვალებში ყურება, რადგან მათთან კრემლიდან არავინ გავა. თქვენ მოგიწევთ, იცხოვროთ იმათ გვერდით, ვინც ახლა მობილიზაციას გაურბის ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთში და თუნდაც მონღოლეთში და ისინი დარწმუნებულნი იქნებიან, რომ სწორად მოიქცნენ“, – თქვა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს არ სჭირდებათ რუსეთის ტერიტორია.

“ჩვენსას მთლიანად დავიბრუნებთ. ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე, სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამართლიანობის გარანტიას ვაძლევთ. მივაღწევთ ტრიბუნალს მათთვის, ვინც გასცა დანაშაულებრივი ბრძანებები. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია – დამცირებისგან. მაგრამ დრო მიდის, არ გამოტოვოთ ის”, – შეაჯამა რეზნიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები