სამხრეთ კორეაში, იაპონიის ზღვის სანაპიროზე, ქანინის ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ სამხრეთ კორეული გამოცემა – Commerce Gallery-ის სამხედრო ოფიციალურ პირებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით წერს.
ცნობილია, რომ ავიაბაზაზე სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების მე-18 მოიერიშე პოლკია განთავსებული.
მედია წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს რაკეტის გაშვება და არსებობს ეჭვი, რომ წვრთნების დროს სარაკეტო ავარია მოხდა.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აფეთქების ფაქტი დაადასტურა. მან მომხდარს ,,უბედური შემთხვევა,, უწოდა და დეტალების გასაჯაროებას თავი აარიდა.
სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების შტაბის სპიკერმა თქვა, რომ სიტუაციის კომენტირება რთულია უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
4 ოქტომბრის ღამეს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იაპონური მედიის ცნობით, რაკეტამ ქვეყანას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. იაპონიის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.