“ანატომია” ეთერში 15 სექტემბრიდან გავა
ნათია მიქიაშვილის საავტორო გადაცემა “ანატომია” ეთერში 15 სექტემბრიდან გავა. ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
„გაზაფხულზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2”-ზე ნათია მიქიაშვილის გადაცემა უნდა გასულიყო. „ანატომიის“ გასვლა-არგასვლის ბედი დიდი ხანია განხილვის თემაა. მართალია, თავად მიქიაშვილი თავის დროზე მკაცრად იცავდა დუმილს, თუმცა მისმა პროდიუსერმა პირად საუბრებში მაშინვე დაადასტურა, რომ რუსთავთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. მაშინ ითქვა, რომ არხზე მიქიაშვილის „გადაბარგების“ საკითხს ჟურნალისტები უარყოფითად შეხვდნენ… ანუ დაახლოებით იგივე რეაქცია იყო, როგორიც თავის დროზე ეკა კვესიტაძის არხზე გადასვლას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიქიაშვილის „რუსთავი 2“-ზე გადასვლის საკითხი ჟურნალისტების უმრავლესობამ მწვავედ გააპროტესტა. ბუნებრივია, ინფორმაცია მაშინვე ორივე მხარემ უარყო. ნათია მიქიაშვილის პროდიუსერის განცხადებით, „რუსთავი 2“-ში მისი ბევრი მეგობარი მუშაობს და დაპირისპირების შემთხვევაში ინფორმაცია მასთან აუცილებლად მიაღწევდა“, – წერს გამოცემა.
გადაცემა „ანატომიის“ პროდიუსერი თამუნა ჯანელიძე გაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ გადაცემას „რუსთავი 2“ მხოლოდ დროს დაუთმობს, ხოლო სტუდია გადაცემის იქნება.
„ეთერში მალე გავდივართ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. მოლაპარაკება არ დასრულებულა და დეტალები გასარკვევია. ჩვენ არ გადავდივართ „რუსთავი 2“-ზე სამუშაოდ. ჩვენი სტუდიით ვიქნებით შესულები და არხი მხოლოდ დროს დაგვითმობს. ანუ „რუსთავი 2“ ჩვენგან პროდუქტს ყიდულობს“, – აცხადებს ჯანელიძე. ინფორმაციას თავად მიქიაშვილიც ადასტურებს. ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის განცახადებით კი, „ანატომია“ 15 სექტემბერს გავა ეთერში.
„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ „ანატომია“ 15 სექტემბერს გავა ეთერში. დეტალებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი მალე გახდება ცნობილი“, – ამბობს მიქიაშვილი.