პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებელია
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებელია. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეწყალების კომისიამ სიის პრეზიდენტთან გადაგზავნამდე 2 743 საქმე განიხილა. 2 743 საქმიდან 1 228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბოლოოდ ხელი მხოლოდ 280 პატიმრის შეწყალებას მოაწერა. ცნობილია, რომ მათგან რვა ქალბატონია და 10 არასრულწლოვანი. რაც შეეხება დანარჩენ სიას, დეტალების გამჟღავნებისგან კომისიის ხელმძღვანელობაც და წევრებიც თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამნისტირებულთა დიდი უმრავლესობა ნარკოტიკებს უკავშირდება. კომისიის წევრმა, ლია მუხაშავრიამ გამოცემასთან საუბრისას დაადასტურა, რომ კომისიამ ნარკოტიკების მომხმარებლები ნამდვილად შეიწყალა, რაც შეწყალების კომისიის მუშაობისთვის სიახლეა.
„მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო შეწყალებულებზე, ერთადერთი პრეზიდენტია უფლებამოსილი. ეს საიდუმლოს წარმოადგენს. ზუსტად არ ვიცი, რამდენია, ნამდვილად არ ვიცი სტატისტიკა. შემიძლია გითხრათ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებზე ნამდვილად შემწყნარებელია კომისია, ოღონდ მხოლოდ მომხმარებლებზე“, -აცხადებს ლია მუხაშავრია.
შეწყალების კომისიის ყოფილი წევრის ლაშა ბუღაძის განცხადებით, ნარკოდამოკიდებული ადამიანის გათავისუფლება შეუსრულებელ მიზანს წარმოადგენდა.
„კომისიის ფარგლებში ყოველთვის იყო სერიოზული კამათი ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით, იყო განხილვები, ხმამაღალი და სერიოზული კამათი მიმდინარეობდა ხოლმე იმ პატიმრებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჰქონდათ მისჯილი 8-10 და, ხშირ შემთხვევაში, 13 წელიც კი, ნარკოტიკების გამო… სახელმწიფო და საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და მიიღოს გადაწყვეტილება: ნარკომანი კრიმინალია თუ ავადმყოფი? უნდა არსებობდეს ალტერნატიული სასჯელები, ისე როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია“, – ამბობს ბუღაძე.