სევდია უგრეხელიძის მძღოლმა ნარმანიას თანაშემწის მძღოლი “არმატურებით” სცემა – დაშავებული საავადმყოფოშია
სევდია უგრეხელიძის ყოფილმა მძღოლმა გელა ტურიაშვილმა და მისმა ძმამ გოგიტა ტურიაშვილმა სასტიკად სცემეს ყოფილი თანამშრომელი ამჟამად კი დავით ნარმანიას თანაშემწის მძღოლი ზაზა გოგოლაძე, – აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაგდა პოპიაშვილმა დაუდასტურა.
როგორც მაგდა პოპიაშილმა განაცხადა, ზაზა გოგოლაძე თბილისის მერის დავით ნარმანიას თანაშემწის მძღოლია. მისი თქმით, მძღოლებს შორის დაპირისპირება სწორედ ამან გამოიწვია.
“სევდია უგრეხელიძის ყოფილმა მძღოლმა გელა ტურიაშვილმა ზაზა გოგოლაძე იმიტომ სცემა, რომ მას სამსახურში თბილისის ახალი მერის თანამშემწე დაჰყავს.ზაზა გოგოლაძე ამჟამად არმიანცის სახელობის საავადმყოფოშია. მას თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. როგორც დაზარალებული ამბობს, ტურიაშვილებმა იგი რკინის ე.წ. “არმატურებით” სცემეს”, – ამბობს “კვირასთან” მაგდა პოპიაშვილი. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული გამოძიების პროცესში მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება. გამოძიებას აწარმოებს ისანი–სამგორის სამმართელოს პირველი განყოფილება.