ეროსი კიწმარიშვილის ავტოფარეხში ექსპერტებმა ახალი დეტალები აღმოაჩინეს

  • ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის მოთხოვნით, შემთხვევის ადგილი შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურის სამსახურის, პროკურატურის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. როგორც „კვირას“ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტებმა ახალი ნიმუშები აღმოაჩინეს. „შემთხვევის ადგილის დათვალიერება ოჯახის მოთხოვნით, კიდევ ერთხელ ჩატარდა. ექსპერტებმა შესაძლო კვალის ნიმუშები აიღეს, რაც ხელს შეუწყობს, რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთოს. ნიმუშები შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალურ სამსახურის თანამშრომლებმა წაიღეს. ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმიდინარეობს“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა. ავტოფარეხში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი. ზაზა ალთუნაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას კომენტარი არ გააკეთა. როგორც მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, ავტოფარეხის დათვალიერებისას ახალი დეტალები იქნა აღმოჩენილი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას არ ახმაურებს. „მთელი დღის განმავლობაში ვათვალიერებდით ავტოფარეხს. შსს-ს კრიმინალისტები, პროკურატურის და დამოუკიდებელი ექსპერტები. იყო მნიშვნელოვანი დეტალები, მაგრამ შედეგს ვერ ვიტყვი. ასე შევთანხმდით-გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში, საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ექსპერტიზის პასუხები დღემდე არ ხმაურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები