ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი 23,8 კმ-იანი 4-ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონ ლარს შეადგენს.

“ამ დროისთვის, მიმდინარეობს წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის, ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები