ღვინით ვაჭრობა მე-19 საუკუნის თბილისში

„…თუ ჩაგივლია სირაჯხანისკენ ,

დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად,

გაგაოცებდა რუმბების სისქე

და ჭიანურზე დაკრული ჩარგა…“

იოსებ გრიშაშვილი

როგორც ისტორიულ წყაროებშია მითითებული, მე-19 საუკუნის თბილისში ყოველწლიურად 350 ათას ფუთამდე ღვინოს სვამდნენ. ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილებს სირაჯხანა ერქვა, ღვინით მოვაჭრეებს კი, სირაჯებს ეძახდნენ.

პირველი სირაჯხანა ძველ თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა და გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდიდან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ, კლდის ძირს მიჰყვებოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. ეს იყო ძველი თბილისის ყველაზე დიდი ღვინის ბაზარი, რომელსაც დიდი სირაჯხანა ერქვა. პატარა სირაჯახანა კი კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა.

9f8a35f3abc1fb35cd0d74be05a89c8f

სირაჯი – არა მხოლოდ ღვინით მოვაჭრე იყო, არამედ ღვინის შემფასებელიც. სირაჯებს ჰყავდათ დამხმარე, რომელსაც ფიშქარს ან ღვინის დალალს ეძახდნენ. ფიშქარი სირაჯის დიდი ნდობით სარგებლობდა, სწორედ მას აგზავნიდნენ ხშირად სავაჭროდ.

შემოდგომაზე კახეთის სოფლებში ჩასული სირაჯები ეზო – ეზო დადიოდნენ და ღვინოს სინჯავდნენ. იწერდნენ, ვისი ღვინო გასინჯეს და ვის რა ფასად მოურიგდნენ. დაბევებულ ღვინის ქვევრებს ნაცარს დააყრიდნენ და სახურავის ნაპირებზე საკუთარ ბეჭედს დასვამდნენ. მერე ზემოდან კრამიტს დაადებდნენ და მიწას აყრიდნენ.

იყო ასეთი წესიც, როცა სირაჯი კახეთის რომელიმე მემამულეს ღვინის საყიდლად ესტუმრებოდა, თან ერთ ფუთზე მეტი დოში უნდა მერთმია, ასევე ხიზილალა, თავი შაქარი, ბავშვებისათვის ტკბილებული. მემამულისთვის ხარაზული ჩექმები, საჩოხე, საახალუხე ან ფარაჯი მიჰქონდა. ძღვენი იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ “ხურჯინი ორ ბიჭს უნდა შეეტანა ხვნეშით”.

a1482266124მასპინძელიც სირაჯს სათანადო პატივით მიიღებდა. მაშინვე ღორს ან თოხლს დაკლავდა. სანამ ტყავის რუმბებს წყლით გაჟღინთავდნენ, ღვინოს ჩაასხამდნენ და ურმებზე დაალაგებდნენ, სირაჯი კახელი მემამულის სტუმარი იყო, ამასობაში კი თითქმის ორი კვირა გადიოდა და იგი თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ღვინის შეძენის შემდეგ მყიდველი გამყიდველს დალოცავდა, ერთმანეთს აღებულ თანხას „სიხარულში და ბედნიერებაში მოიხმარეო”, ეტყოდნენ და ოჯახს ბარაქას დაულოცავდნენ.

კახეთიდან ღვინის ჩამოტანას რამდენიმე დღე უნდებოდნენ. ურმების ქარავანს, რომელიც 15-20 ურმისაგან შედგებოდა, აღალი ერქვა, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა – აღალბაში. თითო ურემზე ორ-ორი რუმბი ან ორ-ორი ორმოცვედროიანი კასრი იყო დამაგრებული. დუქნებში რუმბების დასალაგებელ აგილს ფიშტარი ერქვა. სირაჯების უსტაბაშს – სირაჯბაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები