ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს ის ობიექტური, მიუკერძოებელი ანგარიში, რაც ეუთო/ოდირმა წარადგინა და შესაბამისად, აგრძელებენ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას
„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს ის ობიექტური, მიუკერძოებელი ანგარიში, რაც ეუთო/ოდირმა წარადგინა და შესაბამისად, აგრძელებენ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას, რომელიც ისედაც დაწყებული ჰქონდათ არჩევნებამდე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხებოდა.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი წამოცდენა – შემდეგ სხვადასხვა სიტყვით შეეცადა იგი, ამის გადაკეთებას, მაგრამ ფაქტობრივად, პირდაპირ დაადანაშაულა ქალბატონი პია კაუმა, რომელიც გახლავთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, იმაში, რომ მან აიღო ქრთამი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში. ეს რას ემსახურება? – ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს ის ობიექტური, მიუკერძოებელი ანგარიში, რაც ეუთო/ოდირმა წარადგინა და შესაბამისად, აგრძელებენ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას, რომელიც ისედაც დაწყებული ჰქონდათ არჩევნებამდე.
ბატონ გახარიას ასევე ამ ინტერვიუში ისიც წამოსცდა, თუ არ ვიცი, სპეციალურად თქვა, რომ როდესაც ჟურნალისტი შეეკითხა მას – ბატონმა ორბანმა და უნგრეთმა ხომ მისცა მას ლეგიტიმაციაო – ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ლეგიტიმაცია არის ჩვენი მოსახლეობა და ის 1,020მლნ ამომრჩეველი, რომელმაც ლეგიტიმაცია მოგვანიჭა, მაგრამ მან აგდებით მოიხსენია უნგრეთი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ აცხადებს, რომ უნგრეთი და ბატონი ორბანი იქნება მისი მთავარი დასაყრდენი ევროკავშირში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ცოტა ფრთხილად იყვნენ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთების დროს“, – აცხადებს მაჭავარიანი.
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში დაადანაშაულა.