ნახატად შეკრული ურიცხვი წერტილი არჩილ ცქიტიშვილის სახელოსნოში
არჩილ ცქიტიშვილის სახატავ ქაღალდზე წერტილები ჩნდებიან, მიმართულებას პოულობენ და სხვადასხვა ფიგურას ქმნიან. თვითნასწავლი ხელოვანის უჩვეულო აჩემება – წერტილებით ხატვა – იშვიათი და ორიგინალური ხატვის ხერხია, რომელსაც მსოფლიოში სულ რამდენიმე მიმდევარი ჰყავს. მათ შორის არის ქართველი მხატვარიც, რომელიც წერტილებით ხატავს. სასურველი გამოსახულების მისაღებად უამრავი წერტილი, მოთმინება სჭირდება. ეს ქართველი პუანტილისტი მხატვარი არჩილ ცქიტიშვილია.
– მხატვრობის ნიჭი, როგორც ჩანს, ბავშვობიდან მქონდა, იმიტომ რომ მშობლებმა ადრეულ ასაკშივე მიმიყვანეს ახვლედიანის სახელობის საბავშვო ნახატების გალერეაში, სამხატვრო კლასში. ხატვას მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეშიც ვსწავლობდი. არასდროს მიყვარდა დავალებების შესრულება. უფრო მეტად ჩემი სურვილით ხატვა მომწონდა. ბუნების, ცხოველების გამოსახვა.. მაგრამ ამ კუთხით სწავლა აღარ გამიგრძელებია. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, პროფესიით იურისტი ვარ. მაგრამ საქმისთვის, რომელიც მიყვარს, დროს მაინც ვნახულობდი.
– დრო გამონახე, მაგრამ თავად ეს მიმართულება როგორ აღმოაჩინე…
– ეს მიმართულება ჩემს თავში შემთხვევით აღმოვაჩინე. ხატვის დროს ჩრდილის გამოყვანა მინდოდა. ქაღალდის ეს ნაწილი წერტილებით შევავსე. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ამის მერე ერთი ნახატი სულ წერტილებით დავხატე და ძალიან დამაინტერესა ასე ხატვამ. შემდეგ ამ სტილით უფრო სერიოზულად დავინტერესდი. აღმოვაჩინე, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე მხატვარია, რომელიც მსგავსი სტილით ხატავს. თუმცა ჩემი შემოქმედება მაინც განსხვავებულია. ისინი ზეთის საღებავებს იყენებენ, მე კი ტუშით ვხატავ.
– რამდენად განსხვავებულია ამ სტილით ხატვის ტექნიკა, კლასიკური სტილით მუშაობისგან?
– ძალიან განსხვავდება. ფერების, ჩრდილების და სხვადასხვა შტრიხის ამოყვანას თავისი მიდგომა უნდა, ეს ტექნიკა ხატვის დროს ვისწავლე. ნამუშევრებს კი სამგანზომილებიანი გამოსახულების ეფექტი აქვს.
– სჭირდება ამ სტილის მხატვრობას „რკინის ნერვები“?
– კი, საკმაოდ დამღლელია, განსაკუთრებით ფიზიკურად მუშაობა. აქედან გამომდინარე, ნახატების შექმნასაც საკმაოდ დიდი დრო უნდა. მაგრამ რამდენადაც დამღლელია, იმდენად სასიამოვნოა ხატვის პროცესი, ჩემთვის უფრო სასიამოვნო და იურიდიული სამუშაოსგან ერთგვარი განტვირთვა და დასვენებაა.
– რაც შეეხება წერტილებით ნახატების „გმირებს“…
– უმეტესად ცხოველებს ვხატავ – როგორც ბავშვობაში. ხდება ისეც, რომ სულ სხვა ჩანაფიქრით ვიწყებ მუშაობას და პროცესში სხვა მიმართულებით მივდივარ. ეს ყველაფერი ჩემს ემოციაზე გადის..
– შენი ნამუშევრების მომავალს სად ხედავ?
– რა თქმა უნდა, გალერეაში და დამთვალიერებლის კედლებზე. ჩემი ნახატები უმეტესად სასაჩუქრე ნიმუშებია. ამას ამჟამად არ აქვს არანაირი კომერციული ხასიათი. თუმცა უკვე ვემზადები პირველი პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, მალე გაიმართება. ამისთვის ჩემი ნახატების შეკრება მჭირდება.
– როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქვამს დამთვალიერებელი თქვენს ნამუშევრებს?
– ვფიქრობ, ძალიან კარგად, იმიტომ რომ როდესაც ჩემს ნახატებს ნახულობენ, ჯერ გაკვირვება იპყრობთ, შემდეგ მოწონება. ალბათ დამთვალიერებლისთვისაც საინტერესო იქნება ამ სტილით შესრულებული ნახატების ხილვა.
– არის პროექტი, რომლისკენაც მიდიხარ?
– მინდა დიდი ზომის ნახატის შექმნა, რომელიც წერტილებით იქნება შესრულებული. და, ალბათ, ამ ნახატსაც დამთვალიერებელს გამოფენაზე წარვუდგენ.
ნანუკა ალავიძე