მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ დააყენა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.